ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს, კლინიკაშია გადაყვანილი - "ნაციონალური მოძრაობა“

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

"ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.

ლევან ხაბეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

„ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი,“ წერდა პარტია გავრცელებულ განცხადებაში.


ის მომხდარს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. შესაბამისი კომენტარი მან „ტვპირველთან“ გააკეთა.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.